დერმატოლოგია
დერმატოლოგია (ძვ. ბერძნ. derma, dermat (os) — კანი; logos — სიტყვა, მოძღვრება) — კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კანის აგებულებას, მის ნორმას და პათოლოგიებს.
თანამედროვე დერმატოლოგია სწავლობს კანის დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პროფილაქტიკას. აგრეთვე, კანის დაავადებების ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან, ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის პრაღის მე-11 კონგრესის 2002 მემორანდუმით დადგინდა დერმატოლოგიის ქვედისციპლინები: ანდროლოგია, ფლებოლოგია, მიკოლოგია, ჰისტოპათოლოგია, ალერგოლოგია, იმუნოლოგია, პედიატრიული დერმატოლოგია, დერმატოლოგიური ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა, კოსმეტოლოგია. კანის დაავადებების კვლევის კლინიკურ მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ჰისტოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, ბიოქიმიური, ჰისტოქიმიური, ელექტრონულ -მიკროსკოპული, ექსპერიმენტული, სტატისტიკური და სხვა მეთოდები.
დერმატოლოგია მჭიდრო კავშირშია მედიცინის ისეთ დარგებთან, როგორებიცაა: ვენეროლოგია, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, მეანობა, გინეკოლოგია, ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ოფთალმოლოგია და სხვ.